როგორც geoleft-მა ბრძანა კაპიტალიზმია დღეისათვის საქართველოში და ყველაფერი იყიდება, ყველაფერს უკეთდება რეკლამა. მათ შორის ადამიანებსაც. ანუ აქცენტი უნდა გაკეტდეს იმ კარგ თვისებებზე რომლებიც ადამიანს აქვს, ან არ აქვს და ძალით იჩენს. მოკლედ ადამიანი იწყებს თამაშს. ანუ იმ თვისებების წარმოჩენას, რომელიც აქვს, ან არ აქვს და უნდა რომ ქონდეს. ზოგს უნდა რომ “ჯალიან საკალელი” იყოს და თავის ემოციურობას, ბავშვურობას და რაღაც საზიზღრობებს უსმევს ხაზს. ამისთვის კი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, შეიძლება 3 წლის ნაწყენი ბავშვივით ტუჩები წინ გამობერო და ისეთი გამოთქმები მოიშველიო, როგორებიცაა: “აუ ჯალიან შაკალელია”, “აუ ლა ჩოდოა” და ასე შემდეგ, ასეთი კიდევ ბევრი არსებობს და ამას უფრო მეტად გოგოები მიმართავენ. ყველაფრის მიზეზი კი ყურადღების დეფიციტი, ან ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილია. ზოგი პირიქით, ცინიკოსის ნიღაბს ირგებს, თითქოს ყველა ემოცია და განცდა მისთვის უცხო იყოს, და გონებამახვილური გამონათქვამებით თავისი ჭკუისა და ორიგინალურობის დემონსტრაციას ახდენს. არიან სარწმუნოებაში გადავარდნილი “მორწმუნეები” რომლებმაც იციან, რომ მარხვა უნდა დაიცვან, რომ ეს ასეა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ეზიარები, ან ზეთს ვერ იცხებ, მათ ზეპირად იციან “ტკბილი ქვეყანა”-ს რომელი ნამცხვარი თუ პეჩენიაა სამარხვო, მარხვის დაწყება და დამთავრება კი შაურმის, ან უკეთეს შემთხვევაში ხინკლის ჭამით აღინიშნება. (ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება საფულის სისქეზეა დამოკიდებული) ეკლესიაშიც დადიან, არ აკლდებიან არცერთ დღესასწაულს იმისთვის, რომ ხალხში გამოჩნდნენ ჭეშმარიტ ქართველებად, მაშასადამე ჭეშმარით მართლმადიდებლად, მეგობრების სანახავად, საპირისპირო სქესის გასაცნობად და ა.შ. ამავე დროს ეგეთი “მორწმუნეების” დიდმა ნაწილმა ისიც არ იცის, რა წერია ათ მცნებაში, რომ მარხვა ხორციელ სიამოვნებებზე უარის თქმით სულის გაწმენდაა, ეკლესიაში სიარული კი “პაკაზუხა” კი არა, გულიდან წამოსული ქმედება უნდა იყოს. მაგრამ მთავარია გწამდეს და დანარჩენი თავისით მოვაო, ვიღაცამ მითხრა. კი მაგრამ რწმენას რა მოიყვანს, თუ ეკლესიაში სიარულს “ადნაკლასნიკის”, ეკლესიის ეზოს კი პარკების და სკვერების როლი დაეკისრათ. არიან მათი საპირისპირო მხარეც. მოდას აყოლილი ყოფილი მორწმუნე-ათეისტები, მათ იციან რომ არ უნდა სწამდეთ იმიტომ რომ სხვისგან გამორჩეულები იყონ. თავისი “ჭკვიანური” აზრებით და არგუმენტებით უარყონ ღმერთის არსებობა, და დაანახონ მოსაუბრეს (სავარაუდოდ მორწმუნეს), რომ მათზე მაღლა დგანან, ამ დროს კი, არ იციან ვინ იყო დარვინი, რა გააკეთა ან რა დაამტკიცა და ა.შ. (აქ საუბარია ზედაპირულ მორწმუნე და ათეისტებზე და არა იმ ხალხზე ვისაც გააზრებული აქვს რისი სწამს და რატომ). ზოგი უსმენს როკს, იმიტომ რომ ეს მოდაშია და სხვები “პაპსავიკები” არიან. ზოგისთვის კი როკი სატანისტურია და მისი მოსმენა ჯოჯოხეთისკენ პირდაპირი რეისია, ან როკი ბანძია იმიტომ, რომ მას ბევრი უსმენს, ხალხი კი ბრბოა და მისი არჩევანი ყოველთვის არასწორია, პიროვნულთან შედარებით. ზოგს ეს ყველაფერი არ აინტერესებს და ფიქრობს, რომ ამაზე დავა და კამათი უაზრობაა, რომ გემოვნებაზე არ დაობენ და საწინააღმდეგო არგუმენტი რომ “თუ დაობენ გემოვნებაზე დაობენ”. ზოგისთვის ორიგინალურობის გამოჩენა და მასაში არ გარევა ცხოვრების მიზანია. არსებობს სხვა კატეგორიაც, ისინი ამ ყველაფერში არ ერევიან მაგრამ თავისი წვლილი მაინც შეაქვთ საყოველთაო თამაშში. კითხულობენ წიგნებს, კითხულობენ არა იმიტომ, რომ აინტერესებთ არამედ იმიტომ რომ იმათ სიაში არ მოხვდნენ, ვისაც მარკესი და კოელიო არ აქვთ წაკითხული. შინაარსი კი წიგნის დახურვისთანავე ეცემა დავიწყებას. რაც საჭიროა უნდა გახსოვდეს რამდენიმე პერსონაჟის სახელი და მორჩა, განათლებულთა სამყაროსკენ გზა ხსნილია. სადღაც გაგონილ თემაზე თუ მოკამათეებს წააწყდებიან, მაშინვე ერთვებიან კამათში ისე, თითქოს რაღაც არამიწიერ ჭეშმარიტებას ნაზიარებები, სხვის განათლებას და სწორ გზაზე დაყენებას ცდილობენო. ამ დროს კარგია თუ მოკამათეც მისნაირი შეხვდა, მაშინ პოლემიკა უაზროდ და დაუსრულებლად გრძელდება. თუ მეორე მხარე მეტად ჩახედულია საკითხში, რამდენიმე წუთიანი დისკუსიის შემდეგ მცირდება საკითხთან დაკავშირებული აზრები, პირდაპირპროპორციულად იმატებს სალანძღავი და დამამცირებელი სიტყვები, “საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა”-ს პრინციპით. საბოლოოდ კი კამათი გადაიზრდება ჩხუბში. დილეტანტი ქართველები ყელგან ყოფენ ცხვირს. მოკლედ ორიგინალურიბისთვის ბრძოლა ძალიან სასტიკი რამეა და ყველას თავისი მეთოდი აქვს ამისათვის. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი ორიგინალურია, ისევე როგორც სხვა დანარჩენები… 🙂 🙂

Advertisements