მოკლედ დადგა 2010 წლის ზაფხულიც და დაიყო დიდი ციებცხელება სამედიცინოში… მაშინ, როდესაც თითქმის ყველა უნივერსიტეტმა, გამოცდების ჩათვლით მოღვაწეობა დიდი ხანია დაამთავრა, სამედიცინოს სტუდენტები მედგრად ებრძვიან საგამოცდო ცენტრს და ზოგიერთ კათედრას… ბარიკადების ერთ მხარეს არიან: ზოგიერთი კათედრის ზოგიერთი ლექტორი, რომლებიც ქულებს არ წერენ ცოცხალი თავით (კათედრებს, გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, მიმხვედრი მიხვდება) და საგამოცდო ცენტრი, თავისი ახლად გაკეთებული დარბაზით თსსუ-ს მესამე კორპუსის “პადვალში”. მეორე მხარეს კი სტუდენტობა და სამედიცინოს წინ არსებული ორი ქსეროქსია, სადაც საგამოცდო ტესტები იმაზე ადრე აქვთ, ვიდრე ტესტებს შეადგენენ. ეს ორი დაწესებულება სტუდენტების ჯიბეების გათხელებით და თავიანთი ჯიბეების საპირისპირო მოქმედებით, დიდ როლს თამაშობენ სტუდენტების ცხოვრებაში. თუ ტესტის გადაქსეროქსება სხვაგან 8 ლარი ღირს, აქ იგივე სიამოვნება 50 თეთრით იაფი დაგიჯდებათ, თანაც აქ ცდა არ მოგიწევთ, მათ იციან, რომ მაინც მათი საკბილო ხარ და ამიტომ უკვე გამზადებული ქსეროქსებით, მხოლოდ შენი საფულის ან ჯიბის დამჩატებას ელიან. რა ვქნათ ძვირი სიამოვნებაა გამოცდები სამედიცინოში. ტესტების აღების შემდეგ, რამდენიმე წუთის (საათის, დღის) განმავლობაში მიმდინარეობს მსჯელობა: “აუ რამდენია”, “აუ რა უაზრობაა”, “აუ ყველაფერი ამერია”, “აუ ამას რა ისწავლის” და შიგადაშიგ ჩართული გინებები სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ ამ მსჯელობის ბოლო ყოველთვის ერთნაირია: “კარგი, დავიწყოთ ახლა, მაინც ჩვენი სასწავლია ვერსად გავექცევით” და ბოლოსართი გინება.

საგამოცდო ცენტრის დარბაზში ტელეფონები არ იჭერს (ბილაინი გნსაკუთრებით). მიუხედავად ამისა კარზე მაინც აწერია რომ სტუდენტები დარბაზში ტელეფონებით არ დაიშვებიან და სათვალეებიანი ინდუსი (ინდოელი) შესვლის წინ სასაცილო აქცენტით გეუბნება “ტელეფონი მომეცი” და ტელეფონებს საგანგებოდ გამოყოფილ პატარა თაროუკებზე დებს. შემდეგ შედიხარ და ნომერს იღებ. როდესაც დარბაზი გაივსება დამკვირვებლები ითხოვენ ყურადღებას და ნიშნის მოგებით გაჩვენებენ მრავალრიცხოვან კამერებს და გახვედრებენ იმას, რომ აქ გადაწერის შანსი არ არის (ვითომ) და დარბაზის ზღურბლს გადაბიჯებული უკვე მათ ხელში ხარ. ტესტის (გა)დაწერის შემდეგ მიდიხარ გამსწორებელთან… აქ გამოაქვთ საბოლოო ვერდიქტი. გამსოწერებელს საეჭვო სისწრაფით ან სინელით შეჰყავს შენი პასუხები კომპიუტერში, ამასობაში შენ შეძლებისდაგვარად აკვირდები რამე ხომ არ შეეშალა. დაბოლოს ვერდიქტი გამოტანილია… საგამოცდო დარბაზიდან გამოდის სტუდენტების ოთხი კატეგორია: გახარებულები, დაღონებულები, სასოწარკვეთილები და სრულ გაუგებრობაში მყოფნი. პირველებმა ჩააბარეს(ანუ მათი ქულა შეადგენდა მინიმუმ 51-დან 100-მდე), მეორეები ჯერ კიდევ არ ჩარჩენილან ანუ მეორედ გასვლის შანსი აქვთ (27-იდან 51-მდე), მესამეები რომლებიც სამეიცინოში ზედმეტ ერთ წელს გაატარებენ, (ან არ გაატარებენ და საბუთებს სხვაგან გადაიტანენ)  ამ უკანასკნელებს მოსაფიქრებელი აქვთ თუ როგორ უთხრან მშობლებს რომ ზედმეტი 1500 ლარი აქვთ გადასახდელი. და მეოთხეები. ისინი თავის რიგს ელოდებიან ნესტანის სამსჯავროზე გასასვლელად (ნესტანი სამედიცინოში საგამოცდო ცენტრის დედიკოა). გარეთ დგას სტუდენტების ბრბო… აქ მრავლად არიან ბიჭები სიგარეტით ხელში სწრაფი და ღრმა ნაფაზებით (თუ ნაპაზებით ვერ გავარკვიე) დროის გაყვანას ცდილობენ  და გოგოები (უფრო იშვიათად მაგრამ ისინიც სიგარეტით ხელში). თითოეულ გამოსულს ნაცნობი იქნება ის თუ არანაცნობი ესმება ერთადერთი კითხვა… “რა ქენი?” პირველი კატეგორიის სტუდენტებს ყველა ულოცავს, მეორე კატეგორიისას დაახლოებით ასე: “კაი არა უშავს, პირიქით, კარგია მეტი დრო გექნება, კარგად იმეცადინებ და მაღალ ქულას აიღებ”, მესამეებს ყველა ნაღვლიანი თვალებით უყურებს (როგორც საგამოცდო ცენტრის მორიგ მსხვერპლს). მეოთხეებს კი ყველა ამშვიდებს და ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება (მიუხედავად იმისა, ამის თვითონ სჯერათ თუ არა). ამ პერიოდში რამდენჯერმე გამოდის ცენტრის რომელიმე თანამშრომელი და ხვეწნით, მუდარით ან გამოცდაზე არდაშვების მუქარით, სულ ცოტათი ჩუმად ყოფნისკენ მოგვიწოდებს. თუმცა, ეს ყველაფერი საფეთქლის ცოტა უკან და ქვემოთ მდებარე ერთი ორგანოდან შედის და მეორედან გამოდის, წამიერი სიჩუმის შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება.

გამოცდაზე შესვლის წინ კი სიტუაციები მრავალფეროვანია… ისინი, ვისაც მაღალი ქულის აღების იმედი არ აქვს,  ამბობენ რომ სულ ერთი დღის (ღამის, საათის) განმავლობაში აქვთ ნამეცადინები და იმის ნახევარიც არ იციან რისი ცოდნაც საჭიროა. და ამით ხსნიან იმ მომავალ დაბალ ქულას რომელსაც სავარაუდოდ გამოიტანენ, მიხედავად იმისა რომ უკანასკნელი რამდენიმე დღე, 24 საათის განმავლობაში მათ თვალებს საგამოცდო მასალის მეტი არაფერი უნახავთ. არიან სხვის ნერვებზე მოთამაშენიც, რომლებსაც ასევე დიდი არაფრის იმედი არ აქვთ მაგრამ მაინც ამბობენ რომ ყველაფერი იციან და უმაღლეს ქულას მიიღებენ. ამ დროს კი მხოლოდ მონერვიულე სტუდენტების რეაქციებზე ერთობიან, რომელთაც საკუთარი უსუსურობისა და სისუსტის გრძნობა თავიდან ფეხებამდე მსჭვალავს. აქვე არიან ძალიან ჭკვიანი და ძალიან ბეჯითი სტუდენტებიც. მათ, მიუხედავად ამომწურავი ცოდნისა, ოფლი მაინც წურწულით ჩამოსდით და რომ კითხო არაფრის აზრზე არ არიან. პასუხის მოლდინში კი მათ მიერ ნერვიულობით დაკლებული კილოგრამების რაოდენობა ერთთვიან შიმშილს ტოლს არ უდებს. (მაინც ვერ ვხვდები რა არის სანერვიულო როცა ყველაფერი იცი და არცერთ გამოცდაში 90-ზე დაბალი არ მიგიღია)

ამით კი გემშვიდობებით, ბოლოსდაბოლოს საგამოცდო ციებცხელება მეც მჭირს და არანაირი სურვილი არ მაქვს მესამე კატეგორიაში მოხვედრისა…

Advertisements